top of page

რა არის Steemit.com?


ვებ-საიტი steemit.com ერთი შეხედვით ძალიან გავს ჩვეულებრივ ბლოგ საიტს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, წერონ ნებისმიერ სასურველ თემაზე, მაგრამ მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: steemit.com-ზე კონტენტის შემქმნელი იღებს ფულად ჯილდოს, როდესაც მისი ბლოგი upvote-ებს დაიმსახურებს ისევე, როგორც ის კურატორები, რომლებიც სხვის ნამუშევრებს იწონებენ.

ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ პლატფორმა დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და მუშაობს კრიპტოვალუტა steem-ზე (STEEM). ყოველდღიურად, ქსელის მიერ გარკვეული ოდენობის მონეტები იქმნება და ნაწილდება მომხმარებლებზე. ციფრული ფულით შესაძლებელია ბიტკოინის და შემდეგ სხვა ვალუტების ყიდვა, ან ტრადიციულ ფულზე გადაცვლა.

Steemit საკმაოდ ახალი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა ნედ სკოტისა და დანიელ ლარიმერის მიერ. მიუხედავად ამისა, პლატფორმაზე უკვე უამრავი ადამიანია გაწევრიანებული და საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებენ: STEEM წერის მომენტში 4.77 აშშ დოლარი ღირს.

საიტზე ანგარიშის გახსნა სრულიად უფასოა და ნებისმიერს შეუძლია, რეგისტრაციის შემდეგ, ჩვეულებრივი ბლოგერობა დაიწყოს. წარმატებული ბლოგერები უკვე ერთ ნაშრომში ასობით დოლარის ოდენობის STEEM-ს იღებენ.

პლატფორმა ახალი მომხმარებლისთვის შეიძლება ოდნავ დამაბნეველი იყოს, რადგან აქ არ არის მხოლოდ ერთი ვალუტა. ვებ-საიტზე სამი სხვადასხვა კრიპტოვალუტა ტრიალებს და ესენია STEEM, Steem Power და Steem Dollars.

Steem ჩვეულებრივი ციფრული ვალუტასავით ფუნქციონირებს: შესაძლებელია მისი ყიდვა, გაყიდვა და ნამდვილ ფულში გადაცვლა. Steem Power-ი კი გრძელვადიან ინვესტიციას უფრო წააგავს, რადგან მისი გაყიდვა 2 წლის განმავლობაში არ შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ მას ბევრი სასარგებლო დანიშნულება გააჩნია. ამ ვალუტის მფლობელობით მომხმარებელს ქსელში მეტი ძალა ენიჭება და, შესაბამისად, მეტი ფულის გაკეთებაც შეუძლია. რაც მეტი Steem Power გაქვს, მით უფრო მეტ Steem-ს იღებ upvote-ს დამსახურებისას. ამასთან, შენს upvote-საც მეტი ანაზღაურების მოტანა შეუძლია სხვისთვის, რაც, საბოლოოდ, შენც გეთვლება კარგი კურატორობისთვის. რაც შეეხება Steem Dollars, ეს ვალუტა არასდროს კარგავს ღირებულებას. ის შექმნილია, რათა ქსელში იყოს სტაბილური ვალუტა, რომლის გაყიდვაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. Steem Dollar-ის მისაღებად საჭიროა პოპულარული კონტენტის შექმნა, რა შემთხვევაშიც, მომხმარებელს ჯილდოს 50% ამ ვალუტაში მისდის.

პლატფორმაზე შესაძლებელია მაინინგიც, მაგრამ ეს ნაკლებ პოპულარულია. ყოველდღიურად მოპოვებული მონეტების 90% მომხმარებლებზე ნაწილდება, დანარჩენ 10%-ს კი პლატფორმის დამფუძნებლები იღებენ.

Steemit.com კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არა მხოლოდ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს, არამედ მის მომგებიანობასაც საზოგადოებისთვის. საიტზე რეგისტრაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველას შეუძლია და ვინაიდან პლატფორმა ჯერ საკმაოდ ახალია, დიდი წინსვლის შესაძლებლობას იძლევა დამწყები მომხმარებლებისთვისაც.

წყარო: steemit.com

bottom of page