რა არის Tron?
Tron-ის ოფიციალური ვალუტა Tronix-ია (TRX), რომელიც მიზნად ისახავს, გახდეს დეცენტრალიზებული გასართობი პლატფორმა. პლატფორმის შემქმნელები იზიარებენ ინტერნეტის შემქმნელის, ტიმ ბერნერს-ლის იდეოლოგიებს. მათი აზრით, ინტერნეტი აღარ არის ის, რაც ტიმმა თავდაპირველად ჩაიფიქრა. ისეთი მსხვილი ინსტიტუტები, როგორებიცაა Facebook, Amazon და Google, მართავენ ქსელს და მასში გავრცელებულ კონტენტს, რომელიც წესით დეცენტრალიზებული უნდა იყოს და ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. Tron-ს უნდა, ინტერნეტი ხალხს დაუბრუნოს და გააქროს შუამავალი მყიდველსა და ქსელში გავრცელებულ ნამუშევრებს შორის, იქნება ეს მუსიკა, სურათები თუ სხვა. ამ გზით, ხელოვანებს აღარ მოუწევთ, დიდი პროცენტები უხადონ Google Play Stores-ს და Apple stores-ს; ისინი პირდაპირ ატვირთავენ ნამუშევრებს ტრონის პლატფორმაზე და თავად იქნებიან მფლობელები.
პლატფორმა საკმაოდ ამბიციურია, ისინი უკვე საუბრობენ ისეთი თვისებების დანერგვაზე, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ტრონი განვითარების 6 ეტაპს გაივლის Exodus-დან Eternity-მდე. პირველი ფაზა გულისხმობს ატვირთვის, შენახვის და გაზიარების მექანიზმს, რომელიც პირისპირა ქსელისა და განაწილებული დავთარის პრინციპით მუშაობს. მომხმარებლებს შეეძლებათ, თავისუფლად ატვირთონ ან შეიძინონ ნებისმიერი გაზიარებული კონტენტი Tronix-ებით. საბოლოო, მეექვსე ფაზა კი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფ ფუნქციას გვთავაზობს. Tron-ის შემქმნელების თქმით, თამაშების ბაზარი 2016 წელს 9.66 მილიარდი დოლარი იყო, რომლის 42%-იც მობილური ტელეფონის თამაშებს ეკავა. Eternity-ის ფაზაში პლატფორმის მეშვეობით დეველოპერებს შეეძლებათ თავისუფლად შექმნან თამაშები და მოიზიდონ ინვესტორები განვითარებისთვის. ტრონის შემქმნელების აზრით, პლატფორმა საბოლოო საფეხურს 8-10 წელში მიაღწევს.
Tronix (TRX), Tron-ის ვალუტა გამოიყენება ყველა პროცედურისთვის, რომლებსაც მომხმარებლები პლატფორმაზე განახორციელებენ. მონეტის მთლიანი რაოდენობა ლიმიტირებულია და 100 მილიარდს არ გადააჭარბებს. ამასთან, არსებობს Tron Power (TP) მონეტები, რომელთა მიღებაც Tronix-ის დალუქვით შეიძლება. TP მონეტების მფლობელებს ეძლევათ ხმის მიცემის უფლება, ანუ ისინი უფრო პრივილიგირებულები იქნებიან, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებლები. ამ ჟეტონების გაყიდვა ან ყიდვა არ შეიძლება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, TP-ის მფლობელები დამატებით TP-ის მიიღებენ ჯილდოს სახით.
როგორც ჩანს, პლატფორმა მართლაც წარმატებულად მიიწევს წინ. 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ვალუტის ფასი 0.002 აშშ დოლარი იყო, წერის მომენტში კი მისი ღირებულება 0.02 აშშ დოლარს შეადგენს.