top of page

რა არის Cardano?


Cardano, რომლის ვალუტაც ADA მონეტებია, ბაზრის კაპიტალიზაციით (10 მილიარდი აშშ დოლარი) უკვე მეხუთე ადგილს იკავებს. ვალუტა თითქოს არსაიდან გაჩნდა, მაგრამ რეალურად Cardano 2015 წლიდან არსებობს. ეს არის პირველი კრიპტოვალუტა, რომლის პლატფორმაც შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ინჟინერებისა და აკადემიკოსების ფართო ჯგუფის მიერ. მისი დამფუძნებელია ეთერიუმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ჩარლს ჰოსკინსონი.


კარდანოს პლატფორმაზე ტრანზაქციები საკმაოდ სწრაფია და საკომისიოებიც დაბალია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ამ კრიპტოვალუტამ თავისი აგებულების გამო დაიმსახურა. ის შედგება მრავალი შრისაგან; თითოეული შრე სხვადასხვა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგალითად, პირველი შრე მუშაობს ტრანზაქციების გატარებაზე, მეორე შრე - გონიერ კონტრაქტებზე, შემდეგი - ანონიმურობაზე და ასე შემდეგ. ეს უზრუნველყოფს ტრანზაქციების სისწრაფის და მასშტაბურობის შენარჩუნებას ნებისმიერი ცვლილებისა თუ სხვა ფუნქციური დატვირთვების მიუხედავად და ამასთანავე საშუალებას აძლევს დეველოპერებს, მარტივად შეიტანონ საჭირო ცვლილებები დროთა განმავლობაში რბილი ორკაპით (soft fork). შედეგად, კარდანო მარტივად მოერგება ახალ საჭიროებებსა და მომხმარებლების თუ სახელმწიფოს მოთხოვნებს. ამასთან, კარდანოს პლატფორმაზე გონიერი კონტრაქტების გარდა შესაძლებელი იქნება დაპლების, ანუ დეცენტრალიზებული აპლიკაციების, მარტივად შექმნაც.


დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ საკითხს კრიპტოვალუტების რეგულაციები წარმოადგენს. უფრო და უფრო ბევრი ქვეყანა ცდილობს, გარკვეული წესრიგის ქვეშ მოაქციოს კრიპტოვალუტები. ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემას სახელმწიფო რეგულაციებისა და ანონიმურობის ურთიერთგადაკვეთა წარმოადგენს. ზოგი ციფრული ვალუტა სახელმწიფო რეგულაციებს ერგება, ზოგი კი - ანონიმურობას, რითიც სახელმწიფოს პრობლემებს უქმნის, კარდანო კი მათ შორის შუალედის დაჭერას ცდილობს. დეველოპერების თქმით, კრიპტოვალუტა მოერგება რეგულაციებს, მაგრამ ამასთანავე არ დაკარგავს საჭირო დონის ანონიმურობასაც.


ADA მონეტები მოპოვებადია და, ეთერიუმის მსგავსად, პლატფორმა იყენებს წილის მტკიცებულებას (proof of stake). აქ მაინერები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს პირველობაში, პროგრამა, მათი მონეტების რაოდენობის პროპორციულად, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს სხვადასხვა მაინერს, რათა ტრანზაქცია დაადასტუროს, დანარჩენები კი უბრალოდ ამოწმებენ მის ჰაშის ამონახსნს. ეს ალგორითმი ძალიან ბევრ კომპიუტერულ ენერგიას ზოგავს, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებად დაცულია, ვიდრე სამუშაოს შესრულების მტკიცებულება. კარდანოს დეველოპერების გუნდმა კი ახალი წილის მტკიცებულების ალგორითმი შეიმუშავეს - Ouroboros, რომელიც ისევე დაცული და უსაფრთხოა, როგორც ბიტკოინის სამუშაოს შესრულების მტკიცებულების ალგორითმი. ეს კრიპტოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი მიღწევაა, რადგან ბევრმა სცადა მსგავსი ალგორითმის შემუშავება, შედეგი კი ყოველთვის წარუმატებელი იყო.


საბოლოო ჯამში, კარდანო საოცრად ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც არა ერთ სფეროში გვთავაზობს გაუმჯობესებებს. მისი თავისებურებების უნიკალურობა ბაზარზეც აისახა - 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ADA-ს ფასი სულ რაღაც 0.02 აშშ დოლარი იყო, წერის მომენტში კი ის 0.36 აშშ დოლარია.


აღსანიშნავია ისიც, რომ ვალუტას საკუთარი საფულეც აქვს - Daedalus. საფულის გადმოწერა Cardano-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი. ჯერჯერობით ის მხოლოდ ADA-ს უჭერს მხარს, მაგრამ სამომავლოდ სხვა ვალუტების დამატებაც იგეგმება.


წყარო: Cardanohub.org


bottom of page