რა არის Stellar Lumens
Stellar-ი არის ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც ვალუტად იყენებს Stellar Lumens-ს (XLM). მისი უპირატესობა სხვა ვალუტებთან შედარებით არის ტრანზაქციების სისწრაფე და სიიაფე.
სანამ Stellar-ის მუშაობის პრინციპს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ მისი ფასი 2017 წლის დასაწყისში 0,27 ცენტს შეადგენდა, 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში 10 ცენტი იყო, წერის მომენტში კი 86 ცენტია. ბრუნვაში არსებული Stellar Lumens-ის რაოდენობა 17,9 მილიარდი, ხოლო კაპიტალიზაცია 15 მილიარდი აშშ დოლარია და იგი უკვე 10 უმსხვილეს ვალუტას შორისაა. გრაფიკზე ნაჩვენებია სტელარის (XLM) ფასის დინამიკა ბიტკოინთან (BTC) მიმართებაში.
სტელარი რიპლის მყარი ორკაპია (hard fork) და, შესაბამისად, ეს ორი ბლოკჩეინი ერთმანეთის მსგავსად მუშაობს. მაგრამ, რიპლისგან განსხვავებით, სტელარი გათვლილია უფრო ფართო მასებზე. (შეგახსნებთ, რომ რიპლი ძირითადად ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს). სტელარის თითო ტრანზაქციას დაახლოებით 3-6 წამი ესაჭიროება იმისათვის, რომ მიმღების ანგარიშზე აისახოს, ამასთან, გადარიცხვის საკომისო 0.00001 ლუმენია, რაც დღევანდელი ღირებულებით, დაახლოებით ერთი ცენტის მეათასედს შეადგენს. სტელარის მიზანია, იყოს საერთაშორისო საგადასახადო სისტემა ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამავლობის გარეშე.
როგორც აღვნიშნეთ, სტელარი და რიპლი საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. სტელარი, ისევე, როგორც რიპლი, არ არის მოპოვებადი, ანუ არ ხდება მისი მაინინგი და ვალუტა თავიდანვე სრულადაა „გამოშვებული“. ნოდების ერთადერთი მოტივაცია, რომ ქსელში იყვნენ ჩართული, არის მათი ქონება სტელარებში, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ყველა ტრანზაქციის ნახვა და, ამასთან, უზრუნველყოფენ ქსელის დეცენტრალიზაციას. ბოლო პერიოდში ვრცელდება ხმები, რომ სტელარი და IBM შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რაც სავარაუდოდ სტელარის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.
რომ შევაჯამოთ, სტელარი არის უსაფრთხო, სწრაფი და იაფი თანხის გადარიცხვის საშუალება. იგი, ისევე როგორც რიპლი, უფრო მეტად წააგავს „ტრადიციულ ვალუტას“, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტები, რომლებიც ნელ-ნელა უფრო მეტად ემსგავსება ციფრულ აქტივებს, ვიდრე ციფრულ ფულს.
წყარო: www.Coinmarketcap.com ; www.stellar.org