top of page

საინვესტიციო რჩევები დამწყებთათვის


ბიტკოინის ფასის არნახულმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს უამრავი ადამიანი საუბრობს მასზე, როგორც სწრაფი გამდიდრების უპრეცედენტო შესაძლებლობაზე.


იმის გათვალიწინებით, რომ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 20,000 აშშ დოლარს შეადგენს, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად მესმის შეკითხვა - „ბიტკოინი უკვე ძალიან ძვირია, მირჩიე რომელი ვალუტა ვიყიდო?“ ჩემი პასუხი კი ხშირად არ მოსწონთ, რადგან ამ კითხვაზე მხოლოდ ორი სწორი პასუხი არსებობს - „არცერთი“ ან „ნებისმიერი“. ამ ბლოგში შევეცდები, მოკლედ ავხსნა, რატომ, როდის და რა ზომის ინვესტიცია გავაკეთოთ კრიპტოვალუტაში.


მოცემული ბლოგი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ კრიპტოვალუტის შესყიდვა, მაგრამ არ იციან რამდენი და როდის შეიძინონ, ასევე ბუნდოვანია ისიც, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია.


რატომ არ უნდა ვიყიდო კრიპტოვალუტა?


ცხადია, კრიპტოვალუტის ყიდვის მთავარი მოტივი არის სწრაფად გამდიდრება, მაგრამ ინვესტორი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად იყიდოს, გაყიდოს და გადაცვალოს ვალუტა ყოველთვის დგას საკუთარი ინვესტიციის დაკარგვის რისკის წინაშე. თუ რეგულარულად არ აკონტროლებ ფასებს და ტენდენციებს და, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში გაგიჭირდება ვალუტის სწრაფად გადაცვლა, იმისი შანსი, რომ ყოველთვის წაგებული დარჩე, იზრდება. - აქედან პასუხი „არცერთი“


ამ ყველაფრის გაანალიზებაში ხელს გვიშლის კრიპტოვალუტის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, რომელშიც თითქმის ყველა ვალუტის ფასი ყოველდღიურად მზარდია. ეს ყველაფერი კი აზარტულ თამაშს ემსგავსება - მოგების წყურვილი, ხშირად უფრო ძლიერია ვიდრე საღი აზრი. ბაზრის დღევანდელი დინამიკით, თითქმის ყველა ვალუტის ფასი იზრდება და რაღაც მომენტში აუცილებლად მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს, მაგრამ საჭიროა შესაბამის მომენტში მათი გაყიდვა - აქედან პასუხი „ნებისმიერი“.


რატომ უნდა ვიყიდო კრიპტოვალუტა?


ჩემთვის, კრიპტოვალუტის ყიდვის ერთადერთი გამართლებული მიზეზი არის მის უკან მდგომი ტექნოლოგია. ამაში ვგულისხმობ, რომ ვალუტიდან რეალური შემოსავლის მისაღებად საჭიროა, რომ იგი აგვარებდეს რაიმე პრობლემას, ან მომხმარებელს სთავაზობდეს ინოვაციურ მიდგომას, რომელსაც აქვს რეალური პოტენციალი. ასეთი მახასიათებლები შეიძლება იყოს ტრანზაქციების სისწრაფე, აბსოლიტური ანონიმურობა, გონიერი კონტრაქტები, ბლოკჩეინზე მარტივი აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ახლებური გამოყენება და სხვა. თუ არ იცით, რა ფუნქცია აქვს კონკრეტულ კრიპტოვალუტას, ნუ დაიკავებთ მას გრძელვადიანი პერსპექტივით.


სპეკულაციური მიზნებისთვის ცხადია, ტექნიკური ანალიზიც საკმარისია, მაგრამ აქაც თუ თავად არ შეგიძლიათ ასეთი ტიპის ანალიზის ჩატარება, სჯობს, მოერიდოთ ასეთ ინვესტიციას.


როდის არ უნდა ვიყიდო კრიპტოვალუტა?


კრიტპოვალუტა, ან ნებისიერი აქტივი, არასდროს უნდა ვიყიდოთ მაშინ, როდესაც რამდენიმე ადამიანი გვეტყვის, რომ მისი ფასი მნიშვნელოვნად იზრდება. ფასის ზრდას პირველ რიგში ის ადამიანები ამჩნევენ, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალყურს ბაზარს. თუ ინფორმირებული არ ხართ კრიპტოვალუტის პერსპექტივების და მის უკან მდგომი იდეის შესახებ, სჯობს, მოერიდოთ მის ყიდვას სხვისი რჩევის საფუძველზე, რადგან ინფორმაცია თქვენამდე ყველაზე გვიან მოდის.


პირადად ჩემთვის, ყველაზე კარგი მანიშნებელი იმისა, თუ როდის უნდა გავყიდო კრიტპოვალუტა, არის მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვალუტის შესახებ, რადგან ეს მიუთითებს ბაზარზე ნაკლებად ინფორმირებული ინვესტორების სიჭარბეზე. ამ დროს, მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალუტაზე ფასი იზრდება მაშინ, როდესაც რეალური საბაზრო ფასი ნაკლები უნდა იყოს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ვხვდები, რომ ფასი უნდა დაკორექტირდეს (შემცირდეს) და ჩემი ეს სტრატეგია უფრო ხშირად მომგებიანია ხოლმე, ვიდრე წამგებიანი.


როდის უნდა ვიყიდო კრიპტოვალუტა?


რაც არ უნდა იყოს კრიპტოვალუტის ფასი, ის ყოველთვის შეიძლება გაიზარდოს (ან შემცირდეს). ამიტომ არ შეგეშინდეს იმის, რომ ვალუტის ფასი მცირდება; როგორც აქამდეც აღვნიშნეთ, დღეს კრიპტოვალუტის ბაზარი ყვავის, ამიტომ ეცადე, იპოვო ისეთი ვალუტა, რომელიც თავისი ღირებულების მინიმუმთან ახლოსაა, რადგან, დიდი ალბათობით, მისი ფასი მალე დაიწყებს ზრდას.


ყველაზე მარტივი მანიშნებელი იმისა, თუ როდის უნდა იყიდოთ ვალუტა, არის RSI (Relative Strength Index). თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე ვალუტის ეს ინდიკატორი ნაკლებია 20-ზე, ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მისი ფასი ძალიან მალე გაიზრდება. (თუმცა, საჭიროა, როგორც მინიმუმ, დაგუგლოთ შერჩეული ვალუტა და გაიგოთ, ხომ არ აქვს მას რაიმე ფუნდამენტური პრობლემა - მაგალითად, ხომ არ არის ეს თაღლითობა და ა.შ.)


რამდენი არ უნდა ვიყიდო?


არასდროს იყიდოთ კრიპტოვალუტა ნასესხები ფულით, რადგან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ინვესტიციის დაკარგვის ყველაზე დიდი რისკი სწორედ თქვენზე მოდის, ინფორმაციის შედარებით გვიან გაგების გამო.


არსებობს კრიპტოვალუტაში ინვესტირების ოქროს წესი - „არასოდეს იყიდო იმდენი, რამდენის დაკარგვაც სერიოზულ ფინანსურ ზიანს მოგაყენებს“.


მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბაზარი, ზრდა ყოველთვის ნელდება და ამას მოჰყვება ფასების შემცირებაც. კრიპტოვალუტის ბაზრის მომავალი ბუნდოვანია, ამიტომ არ ჩაიგდო თავი საფრთხეში!


რამდენი ვიყიდო?


როდესაც პირველად გადავწყვიტე კრიპტოვალუტაში ინვესტირება, ერთი ძალიან კარგი რჩევა მივიღე პირველად ინვესტიციასთან დაკავშირებით და მინდა, ეს რჩევა თქვენც გაგიზიაროთ.


დამწყებისათვის, იდეალური ინვესტიციის მოცულობა არის თვიური შემოსავლის 5-10%. ამგვარად გაერკვევი, როგორ მუშაობს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვისა და შენახვის მექანიზმი. წარმოდგენა შეგექმნება ტენდენციებზე, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ინვესტირებისათვის და, რაც მთავარია, დამოუკიდებლად და სწრაფად შეძლებ რეაგირებას ბაზრის სიგნალებზე. ამის გარდა, არ შეგეშინდება საკუთარი ინვესტიციის დაკარგვის და შეცდომების დაშვების.


როდესაც შენი უნარ-ჩვევები მოიმატებს, შესაძლებელია შედარებით მსხვილი ინვესტიციის გაკეთება, მაგრამ არ დაივიწყო „ოქროს წესი“ და არ იყიდო იმდენი, რამდენის დაკარგვაც სერიოზულ ფინანსურ ზიანს მოგაყენებს.




არასდროს აყვე ემოციებს. არც დადებითს და არც უარყოფითს.


ინვესტიციის სწრაფი ზრდა - რაც არ უნდა პატარა იყოს ინვესტიცია, მისი ღირებულების სწრაფი ზრდა ადრენალინის, თავდაჯერებულობის და არასწორი გადაწყვეტილებების მთავარი წყაროა. არ აყვე ემოციებს და ამის გამო არ აიღო ზედმეტი ფინანსური რისკი.


ინვესტიციის შემცირება - არ აყვე პანიკას, გაარკვიე, რატომ მცირდება ფასი, შეიძლება ეს მხოლოდ სპეკულაცია იყოს. თუ კრიპტოვალუტის უკან მდგომი ტექნოლოგიის გჯერა, დაელოდე ფასის გაზრდას.


ნუ იდარდებ წარსულზე - რა თქმა უნდა, ყველას გვინდა დროის მანქანით დავბრუნდეთ უკან, ვიყიდოთ 300 ბიტკოინი 1 დოლარად და გავმდიდრდეთ, მაგრამ ამაზე ფიქრი ხელს შეგვიშლის არჩევანის სწორად გაკეთებაში დღეს; ახალი შესაძლებლობების რიცხვი კი ყოველდღიურად მატულობს!

bottom of page