top of page

მთავრობების მიდგომა ICO-ს მიმართ


მთელს მსოფლიოში არსებობს ბუნებრივი წესრიგის გარკვეული დარღვევები, რომლებზეც მთავრობები რეაგირებენ და დიდ ყურადღებასაც აქცევენ. არსებობს ბუნებრივი თუ ხელოვნური წესრიგის დარღვევების უამრავი სახეობა: ტერორიზმი, ეპიდემიები, ბირთვული ენერგია, მსოფლიო კონფლიქტები, სხვადასხვა კრიზისი და ა.შ. ამ ბოლო ხანებში სიას მიემატა ეგრეთ წოდებული ICO (კაპიტალის მოზიდვა მონეტების გამოშვებით და გაყიდვით ინვესტორებზე). ეს ახალი კაპიტალის მოზიდვის სახეობა იმდენად რევოლუციური აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ასეთი სწრაფი ზრდა სახელმწიფოებისთვის უმეტეს შემთხვევებში საგანგაშოა, რადგან ძალიან ბევრი თაღლითობის შემთხვევები დაფიქსირდა: ICO-ს გამომცხადებლები გაქრნენ ინვესტორებისგან მოზიდული მილიონებით.



წყარო:coindata.io


მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებობს ბევრად უფრო კომპლექსური პრობლემები, მაგალითად, ყინულის საფარის დნობა პოლუსებზე, ქვეყნები ამ შედარებით მარტივ საკითხში მაინც დაბნეულები არიან. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი, ვერ გაუგიათ თუ რა უნდა მოუხერხონ ICO-ებს. აქედან ჩნდება კითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნებს ICO-ების მიმართ ამჟამად. ჩვენ გთავაზობთ 5 სხვადასხვა მიდგომას.


სრული აკრძალვა - სათაური მოიცავს ამ მიდგომის ზუსტ შინაარს, რომელიც აირჩია ჩინეთმა, კერძოდ ჩინეთის სახალხო ბანკმა (წყარო). მათ მონეტებით კაპიტალის ყველანაირი მოზიდვა გამოაცხადეს არალეგალურად, რომლის მიზეზიც გახდა ამ სისტემის გაურკვევლობა. როგორც ძალიან ბევრმა კრიპტო-ინდუსტრიის დამკვირვებელმა განაცხადა, სახელმწიფომ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა თვითონ შეესწავლა ეს ახალი სახეობა და სიტუაციის სწორად შეფასების შემდეგ, ჩინეთის მთავრობა გადაწყვეტს, თუ რა საბოლოო ზომებს გაატარებს ქვეყანაში ICO-ს მიმართ.

დამუშავების პროცესში - ზოგიერთი მთავრობა უფრო ღიაა ინოვაციების და ცვლილებების მიმართ. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის კაპიტალის მოზიდვის ახალი და ინოვაციური გზა, ამიტომ საჭიროა, ჰქონდეთ სპეციალური კანონმდებლობა და ისინი არიან მუშაობის პროცესში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გამოსცა ბრძანება, რომ ICO-ების კანონმდებლობაც ისე დარეგულირდეს, როგორც რეგულირდება ტრადიციული ფასიანი ქაღალდებით დაფინანსება. ასევე, მენის კუნძულები და გიბრალტარიც განიხილავს ამ მიდგომას და მუშაობენ რეგულაციებზე.


გაფრთხილება - ამერიკა, იაპონია და ავსტრალია გაფრთხილებით შემოიფარგლა. ეს ნიშნავს, რომ ისინიც აღიარებენ ამ ახალ და რევოლუციურ სახეობას ფინანსურ დარგში. ამიტომ, მონაწილეები უნდა იყვნენ ფრთხილად და არ უნდა აჩქარდნენ. არც უნდა უგულებელყონ, მაგრამ დაუფიქრებლადაც არ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს არის მიდგომა, რომელიც უკვე არსებულ რეგულაციებს ამატებს გაფრთხილებას მკაფიო მითითებების მაგივრად. ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, პერეფრაზის მაგალითი : ‘’ICO არის სახიფათო და სარისკო. შესაძლებელია, რომ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ჟეტონი არ წარმოადგენდეს ‘’სეკურიტებს’’, მაგრამ შეიძლება, იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენს სეკურიტებს, მაშინ იხელმძღვანელეთ უკვე არსებული სეკურიტების რეგულაციებით.’’ ასეთი გაურკვეველი მიდგომის დროს, კომპანიები როგორც უნდა ისე აწარმოებენ თავიანთ ICO პროცესს და თუ რამე შეეშალათ, უბრალოდ ბოდიშებს იხდიან ინვესტორებთან. ზოგი შედარებით უფრო პატიოსანი და სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიები კი ცდილობენ, საკუთარი თავის თვით-რეგულირებას. (მხოლოდ აკრედიტებული ინვესტორებით და ა.შ)


‘’Sandbox’’ მიდგომა - იმის ნაცვლად, რომ მთავრობას თავი სირაქლემას პოზიციაში დაეჭირა და თავი მიწაში ჩაერგო, ზოგიერთმა ქვეყანამ ფინტეკის წამყვანი კომპანიები მიიწვია თავისთამ სამუშაოდ. ამის კარგი მაგალითია კანადა, რომელიც უკვე ექსპერიმენტებს ატარებს რეგულაციებზე და ამჟამად უკვე ტესტავს ახალ შემუშავებულ რეგულაციებს ჟეტონების ''crowdfunding''-ის პლატფორმებზე და კრიპტო ინვესტიციის ფონდებზე. ეს მარეგულირებელი ‘’სავარჯიშოები’’ ამჟამად ყველაზე სრული და მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. იგი ადგენს, თუ როგორ უნდა შესთავაზონ ჟეტონები, როგორც საცალო, ისე კორპორატიულ ინვესტორებს. ამასთან, KYC იცნობდე-შენ-კლიენტს პროცედურების და ‘’White paper’’-ების დეტალური მოთხოვნებიც ჩამოყალიბებულია.


დაურეგულირებული - ამ მიდგომის კარგი მაგალითია შევიცარია, სადაც ცოტა დამაბნეველია, თუ რა მიდგომა აქვს მთავრობას. როგორც ჩანს, შვეიცარიის მთავრობას ICO კრიზისის განმუხტვა ჯერ-ჯერობით არ გაურკვევია. ამა წლის ზაფხულში, მთავრობის კომენტატორებმა ჟეტონების რეგულირება მოისაზრეს, როგორც უკვე არსებულ კანონდებლობაში შემავალი პუნქტი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ის დაურეგულირებელია. ხოლო შემდგომ, 2017 სექტემბერში, შვეიცარიის ფინანსური ბაზრების სამეთვალყურეო ორგანომ (FINMA) გამოაცხადა, რომ იგი იკვლევდა ICO-ების ჩატარების პროცედურებს, და აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული ოპერაციები შეიძლება შედიოდეს უკვე არსებული ფინანსური ბაზრების რეგულაციებში, რომელიც ისევ გაურკვეველს ხდის მათ მიდგომას ICO-ების მიმართ.


დასკვნა:

ICO-ების რეგულაციები მთელს მსოფლიოში ჯერ ისევ გაურკვეველია და დამაბნეველი, მაგრამ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი ძვრები დაწყებულია. ზოგადი დამოკიდებულება არის ის, რომ მთავრობები აღიარებენ ICO-ს ადგილს გლობალურ ბაზარზე და რომ არსებული ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი მათი სრული ეფექტურობისთვის. საჭიროა, რომ სახელმწიფოებმა და ინდუსტრიამ ერთად იმუშაონ. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ 2018 წელი იქნება ICO-ების რეგულაციების წელი, აქედან გამომდინარე კი ჩნდებამთავარი კითხვა : რომელი ქვეყანა იქნება პირველი ამ საკითხში?

bottom of page