top of page

Chain analyses- 3.8 მილიონი ბიტკოინი სამუდამოდ დაკარგულია


ბლოკჩეინის ანალიზის კომპანიამ, Chainanalysis-მა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიტკოინების დაახლოებით 23% სამუდამოდ დაკარგულია. ამ შედეგების მიზეზია მომხმარებლების მიერ პირადი გასაღებების დაკარგვა.


რეალურად, შეუძლებელია დავადგინოთ, რამდენი მომხმარებელი უბრალოდ ინახავს ბიტკოინებს. ამის გამო, Chainanalysis-ი დაკარგული ბიტკოინების საშუალო რაოდენობას გვთავაზობს, რომელიც 17-დან 23%-მდე მერყეობს. რა თქმა უნდა, მათი უმეტესი ნაწილი მანამდე დაიკარგა, სანამ ბიტკოინი ჯერ კიდევ ცენტები ღირდა.


კომპანიის ანალიზის მეთოდები კონფიდენციალურია, ისინი უბრალოდ შედეგებს გვთავაზობენ. მათ მოპოვებული ბიტკოინები ხუთ ნაწილად დაყვეს: 2017 წლის შემდეგ მოპოვებული მონეტები, სატოშის ერთი მილიონი მონეტა, აქტიური მონეტები, სტრატეგიულ ინვესტიციებში ჩადებული მონეტები და მონეტები, რომლებიც 2-დან 7 წლის განმავლობაში არავის გამოუყენებია.


Chainanalysis-ის გამოთვლების თანახმად, 2017 წლის შემდეგ გამომუშავებული და სტრატეგიულ ინვესტიციებში დაბანდებული ბიტკოინები საერთოდ არ დაკარგულა (საკმაოდ გასაგები მიზეზების გამო), დაიკარგა ყიდვა-გაყიდვაში აქტიურად ჩართული მონეტების მხოლოდ 4% და უძრავი ბიტკოინების 30-50%. საინტერესოა, რომ ანალიზის კომპანიას სატოშის ერთი მილიონი ბიტკოინი დაკარგულად მიაჩნია.


საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რეალურად ვინ დაკარგა მონეტები და ვინ ინახავს მათ სამომავლო გამოყენებისთვის, მაგრამ აგვისტოს ორკაპმა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა. მათმა უმეტესობამ, ვისაც თავიანთი პირადი გასაღები არ დავიწყნიათ, მონეტები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანეს, იმისათვის, რომ მიეღოთ იგივე რაოდენობის Bitcoin Cash, რამაც აქტიური მფლობელების დიდი რიცხვი გამოაჩინა.



დაკარგული მონეტების ფასი საკმაოდ მაღალია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიტკოინი დღევანდელ ბაზარზე უკვე 16 000-ზე მეტი ღირს და, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ბიტკოინია უკვე ბრუნვაში, დაკარგული მონეტების ღირებულება 3.7-დან 5 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია და 21 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს. ხალხის დაინტერესებიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ როდესაც ეს რაოდენობა ამოიწურება, ბიტკოინის ფასი საოცრად გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ უკვე დაკარგული მონეტების რაოდენობასაც, შედეგი შეიძლება იმაზე გამაოგნებელი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

bottom of page