CoinHive - მაინინგი სხვისი კომპიუტერით
CoinHive ვებ გვერდებს სთავაზობს JavaScript-ზე დაწერილ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ისინი ვებ გვერდზე შესული მომხმარებლის კომპიუტერულ სიმძლავრეს (CPU) იყენებენ მიანინგისათვის და ამით იღებენ დამატებით შემოსავალს.
ერთ-ერთი მაგალითია PirateBay, რომელიც ტესტავს CoinHive სკრიპტს იმ მიზნით, რომ ვებ გვედის შემოსავლიანობა აღარ იყოს დამოკიდებული რეკლამებზე. ამ გზით ისინი მომხმარებელს სთავაზობენ რეკლამისგან განთავისუფლებას საკუთარი კომპიუტერის სიჩქარის ხარჯზე.
მომხმარებლის კომპიუტერული ენერგიის გამოყენება შემოსავლის მისაღებად უკვე აპრობირებულია საქართველოშიც. პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები საჭირო დაფინანსების მიღებას სწორედ ამ გზით ცდილობენ. მათ გაავრცელეს ვიდეო, სადაც საკუთარი ვებ გვერდის მომხმარებელს, სთხოვენ მათ საკუთარი კომპიუტერული ენერგიის „თხოვებით“ ფინანსურად დაეხმარონ პარტიას. აღნიშულ სიმძლავრეს კი იყენებენ კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად.
ცხადია, Coin Hive დამატებითი თანხის გამომუშავების შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს ნებისმიერი ვებ გვერდის ადმინისტრაციას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ყველაფერი არ დამალონ, არ მოატყუონ საკუთარი მომხმარებელი და შექმნან შესაბამისი მოტივაცია იმისათვის, რომ მომხმარებელი საკუთარი ნებით დათანხმდეს თავისი კომპიუტერული სიმძლავრის „თხოვებას“.
თავისთავად, ამ საინტერესო ინოვაციას არაპატიოსანი გამოყენებაც მოუძებნეს და ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა, როდესაც სხვადასხვა ვებსაიტები მომხმარებლების კომპიუტერულ სიმძლავრეს (CPU) მათ დაუკითხავად იყენებენ კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. შესაბამისად, მომხმარებლის კომპიუტერი ნელდება, ვებ გვერდის ადმინისტრაცია ან ჰაკერი კი ამით იღებს დამატებით შემოსავალს.
ამ გზით ხერხდება მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოვალუტა - Monero-ს მოპოვება, რადგან მხოლოდ მისი მაინინგი წარმოებს CPU-თი და, ამასთან, არის ანონიმური, ანუ შეუძლებელია მოინახოს, ვისთან მიდის შემოსავალი.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს კომპიუტერს (ჩვენს დაუკითხავად) იყენებენ მაინინგისთვის?
იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ შემთხვევაში მაინინგისთვის იყენებენ შენს CPU სიმძლავრეს, ცხადია, კომპიუტერი ნელდება. თუ იმყოფები არასანდო ვებ გვერდზე და შენი კომპიუტერი შენელდა, შეამოწმე “CPU USAGE” Task messenger-იდან. თუ ვებ გვერდი იყენებს CoinHive-ს, მაშინ Task Messenger-ში დაინახავ დაახლეობით ასეთ გრაფიკს:
მოცემულ სურათზე ნაჩვენებია შემთხვევა, როდესაც ვებ გვერდი სრულად (100%-ით) იყენებს მომხმარებლის კომპიუტერულ სიმძლავრეს. მაგრამ შესაძლებელია ამ პარამეტრის შეცვლა და მომხმარებლის CPU-ს მხოლოდ განსაზღვრული პროცენტის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელიც ნაკლებად ზარალდება.
CoinHive-ს ასევე იყენბენ კომპიუტერული ვირუსში (Malware), რომელიც ვებ გვერდიდან გადმოვიდა კომპიუტერში. შესაბამისად, თუ ვებ გვერდის გათიშვით კომპიუტერი ისევ შენელებული დარჩა, უნდა იპოვოთ და წაშალოთ ვირუსი. ვირუსის საპოვნელად გადადით „Process”-ზე და ნახეთ, რომელი პროცესი მოიხმარს არანორმალურად დიდ კომპიუტერულ სიმძლავრეს.
ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო გზა იმისათვის, რომ თავი დაიცვა შენი კომპიუტერის უნებართვო გამოყენებისგან არის Ad Blocker-ები. მაგრამ, ვირუსის შემთხვევაში როგორც, აღვწერეთ შეიძლება გარკვეული ფაილების წაშლა ხელით მოგიწიოს კომპიუტერიდან.