top of page

ბიტკოინი

5 წლის ბავშვის ენაზე

თუ ჯერაც ვერ გაგიგია ბოლოს და ბოლოს  რა ჯანდაბაა ეს ბიტკოინი, ქვემოთმოყვანილი ბავშვისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი ტექსტი ამის გარკვევაში დაგეხმარება. წარმოიდგინე, რომ ჩვენ პარკში სკამზე ვსხედვართ. არაჩვეულებრივი დღეა და მე მაქვს ერთი ვაშლი, რომელსაც შენ გაძლევ. ახლა შენ გაქვს ერთი ვაშლი და მე ნული. ეს ხომ ადვილია? ადვილია.  ახლა კარგად დავაკვირდეთ, თუ რა მოხდა:

ჩემი ვაშლი ფიზიკურად იქნა მოთავსებული შენს ხელში. შენც და მეც  ვიცით, რომ ეს მოხდა, ორივე იქ ვიყავით და შენ ვაშლს შეეხე. ვენ არ დაგვჭირვებია მესამე ადამიანის დახმარება, რომ ეს ტრანზაქცია მოგვეხდინა და არ ყოფილა საჭირო ვიღაც ბიუროკრატი ბიძიას თანდასწრება, რათა მას ჩემს მიერ შენთვის ვაშლის გადმოცემის უტყუარობა დაედასტურებინა. ვაშლი შენია! მე მეტს ვეღარ მოგცემ, რადგან აღარ დამრჩა. შენს ვაშლზე კი კონტროლი აღარ მაქვს. მას მერე, რაც შენ მოგეცი, ვაშლმა ჩემი მფლობელობიდან სრულებით გააღწია. ახლა ამ ვაშლზე სრული უფლება გაქვს შენ. შეგიძლია მისცე შენს მეგობარს, თუ გსურს, შემდეგ შენს მეგობარს შეუძლია მისცეს ვაშლი თავის მეგობარს და ასე და ამგვარად. ასე ხდება საგნების პირდაპირი გაცვლა ადამიანებს შორის. მთავარი ლოგიკაა, თორემ ვაშლს მოგცემ, წიგნს, ბანანს თუ ერთ ლარიან მონეტას, მნიშვნელობა არ აქვს.მაგრამ მოდით ნუ ავჩქარდებით! დავუბრუნდეთ ვაშლებს!

ახლა, მოდი ვთქვათ, მე მაქვს ერთი ციფრული ვაშლი. როგორ უნდა მოგცე მე შენ ჩემი ციფრული ვაშლი? აქ იწყება ყველაზე საინტერესო! საიდან უნდა იცოდე შენ დანამდვილებით, რომ ჩემი ციფრული ვაშლი ახლა მართლაც შენია? აბა დავფიქრდეთ. ცოტა თითქოს რთულდება, არა? საიდან უნდა იცოდე შენ დანამდვილებით, რომ მე შენამდე ჩემი ციფრული ვაშლი ვიღაც სხვას არ გავუგზავნე ელექტრონულ წერილზე მიბმული ფაილის სახით? მაგალითად შენს მეგობარ ნიკას? ან იქნებ კიდევ ლიკას, დათოს ან რეზიკოს?

 

შეიძლება მე ჩემს კომპიუერში ამ ციფრული ვაშლის რამდენიმე ასლი შევქმენი. ან შესაძლოა, ინტერნეტში ავტვირთე და მილიონმა ადამიანმა გადმოწერა.

 

როგორც ხედავ ციფრული გაცვლა ცოტა პრობლემურია. ციფრული ვაშლების გაგზავნა სულაც არ ჰგავს ნამდვილი ვაშლის გაგზავნას.

 

ჭკუა-კომპიუტერა მეცნიერებს თურმე სახელიც კი მოუფიქრებიათ ამ პრობლემისთვის და ორმაგი ხარჯვის პრობლემა დაურქმევიათ, მაგრამ ამაზე ბევრს ნუ იფიქრებ. ამას გეტყვი, რომ დიდხანს იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს ამ მეცნიერებმა, ბოლოს და ბოლოს იპოვეს გამოსავალი.

 

მოდი, ჩვენ ჩვენით ვცადოთ.

 

დავთრები

იქნებ ეს ციფრული ვაშლები დავთარში აღგვერიცხა? წიგნში, რომელშიც ყველა ტრანზაქცია იწერება და ინახება - საანგარიშო წიგნი.

რაკი ვაშლები ციფრულია, დავთარიც ციფრული უნდა იყოს და უნდა იარსებოს სადმე თავის სამყაროში, სადაც რიგიანი განმკარგველიც ეყოლება.

ისევე, როგორც თამაშ World of Warcraft-ის შემთხვევაში კომპანია Blizard-ია. კომპანიის პროგრამისტებმა, ვინც თამაში შექმნა, აგრეთვე შექმნეს ციფრული დავთარი, სადაც აღრიცხულია ყველა ცეცხლისმფრქვეველი ხმალი, რომელიც კი ამ თამაშში არსებობს. ასეთივე მეთოდით ვიღაცას შეუძლია აღრიცხოს ჩვენი ჩვენი ციფრული ვაშლები. რა მაგარია - ამოვხსენით ამოცანა!

 

პრობლემა

 

ორიოდ პრობლემა მაინც დარჩა, ისე:

 

  1. ვიღაც ყმაწვილმა Blizard-ში ბევრი ვაშლის შექმნა რომ მოინდომოს? ხომ შეუძლია უბრალოდ აიღოს და მიუმატიოს ერთი-ორი ვაშლი თავის ბალანსს, როცა მოეპრიანება?

  2. ჩვენ ხომ პარკში სკამზე აღარ ვსხედვართ. იქ მხოლოდ მე და შენ ვიყავით. Blizzard-ის დახმარებით განხორციელებული ტრანზაქცია კი თავისი სქემით ძალიან ჰგავს ვიღაც ბიუროკრატი ბიძიას (ანუ მესამე პირის) ჩვენი პარკის სკამთან მოხმობას. მაშ, როგორ მოგაწოდო მე შენ ჩემი ციფრული ვაშლი ისევე, როგორც ამას ნამდვილი ვაშლის შემთხვევაში ვაკეთებდით?

ნეტავ, თუ არის გზა, რომ, პარკში, სკამზე განხორციელებული ტრანზაქცია ისე გავაციფრულოთ, რომ ვაშლმა თავისი ერთადერთობა არ დაკარგოს?  ცოტა რთულია, არა?

 

პრობლემის გადაჭრა

რა იქნება ეს დავთარი რომ მივცეთ ყველას? Blizzard-ის ერთ რომელიმე კომპიუტერზე მარტოდ ყოფნას, ხომ არ სჯობს ჩვენი დავთარი ყველას კომპიუტერში ცხოვრობდეს? და ყველა ტრანზაქცია, რომლებიც კი ციფრული ვაშლებით განხორციელებულა, იწერებოდეს მასში?

დავთარს ვერ მოატყუებ. მე თუ არ მაქვს ციფრული ვაშლი, ვერაფერსაც ვერ გამოგიგზავნი, იმიტომ, რომ ეს ტრანზაქცია არ იქნება სინქრონში დავთარის ყველა ასლთან. ამ სისტემის დაძლევა, მასზე ზემოქმედების მოხდენა ან მასში ინფორმაციის შეცვლა ძალიან რთული იქნება, მით უფრო თუ ის ზომაში გაიზრდება.  

ამავდროულად ის ერთი ადამიანის მიერ არ იქნება გაკონტროლებული. მაშასადამე, ჩვენ ვიცით, რომ ვერავინ ვერ გადაწყვეტს, თავის თავს ციფრული ვაშლები უბრალოდ აჩუქოს, როცა კი მოესურვება. სისტემის მუშაობის წესები თავდაპირველად იქნა დადგენილი.

კოდი და წესები კი (ამ სისტემის) წარმოადგენენ ღიად ხელმისაწვდომ პროგრამულ პროდუქტს - დაახლოებით ისეთს, როგორც ანდროიდის სისტემა დედიკოს ძველ ტელეფონში. ან როგორც ვიკიპედია. ის მუდმივად ხელმისაწვდომია ჭკვიანი ადამიანებისთვის, რომ შეამოწმონ, დაიცვან, გააუმჯობესონ და დახვეწონ.

შენც შეგიძლია მიიღო მონაწილეობა ამ ქსელში დავთის განახლებით და დადასტურებით, რომ ყველა ტრანზაქცია ჭეშმარიტია და სინქრონშია დანარჩენ სისტემასთან. ამ საქმისთვის საჩუქრად ციფრულ ვაშლებსაც კი მიიღებ. აქვე გეტყვი, რომ ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სისტემაში ახალი ციფრული ვაშლები იქმნება.

მე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალზედ გავამარტივე, თუმცა სისტემა, რომელიც მე აღვწერე, არსებობს და მას ჰქვია ბიტკოინის პროტოკოლი. და ეს ციფრული ვაშლები არიან სწორედ სისტემაში არსებული ბიტკოინები. ხომ მაგარია? ახლა მიხვდი, რაშია საქმე?

რას გვაძლევს საჯარო დავთარი?

 

  1. ის ღიად ხელმისაწვდომი პროგრამაა, გახსოვს? ვაშლების მთელი რაოდენობა დავთარში თავდაპირველად იქნა დადგენილი. ჩვენ ვიცით, ზუსტად რამდენი ვაშლია სისტემაში და ვიცით, რომ მათი რიცხვი შეზღუდულია.

 

  1. როდესაც მე ტრანზაქციას ვასრულებ, ვიცი, რომ ციფრულმა ვაშლმა ჭეშმარიტად დატოვა ჩემი მფლობელობა და ის ახლა სრულიად შენ გეკუთვნის. იყო დრო, როცა ამას ვერ ვიტყოდით ციფრულ რამეებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მიერ განხორციელებული ტრანზაქციის სინამდვილე გატარებული და აღრიცხულია დავთარში.

 

  1. რაკიღა დავთარი საჯაროა, ჩვენ აღარ გვჭირდება ბიუროკრატი ბიძიების (მესამე პირის) მოხმობა, რათა მათ დაადასტურონ, რომ მე არ მოვიტყუე რამე ან ერთი და იგივე ვაშლები სამჯერ ან ოთხჯერ არ გავგზავნე.

 

თავად სისტემის შიგნით ციფრული ვაშლების გაცვლა ახლა სწორედ ისევე ხდება, როგორც ნამდვილი ვაშლის შემთხვევაში. ციფრული ვაშლი ჩემი ხელიდან შენს ჯიბეში ხტის და ამჯერადაც ტრანზაქციის მონაწილენი მხოლოდ მე და შენ ვართ  არავითარი მესამე მხარე!

სხვა სიტყვებით, ეს ჩვენი ციფრული ვაშლი ნამდვილივით შეგვიძლია გავაგზავნოთ და მივიღოთ.

ახლა კი საშუალება გვეძლევა 1000 ვაშლი მივიღოთ ან გავაგზავნოთ, ან 1 მილიონი ვაშლი, ან 0.000001 ვაშლი. მე შემიძლია შენ ციფრული ვაშლები მაუსის ერთი დაწკაპუნებით გამოგიგზავნო და ისინი შენს ციფრულ ჯიბეში ისკუპებენ მიუხედავად იმისა, მე ნიკარაგუაში ვარ და შენ ნიუ-იორკში თუ პირიქით.

მე ვაშლებთან ერთად შემიძლია სხვა რამეების გაციფრულება და ვაშლებზე წამოკიდება. ისინი ხომ, რაც არ უნდა იყოს, ციფრულია! იქნებ ტექსტი დავურთო - ციფრული მესიჯი. ან იქნებ შევძლო და რამე უფრო მნიშვნელოვანი გავაციფრულო? მაგალითად ხელშეკრულება ან ფასიანი ქაღალდი ან საიდენტიფიკაციო ბარათი…

ეს ყველაფერი მაგარია! რა ვუყოთ, როგორ მივუდგეთ ამ “ციფრულ ვაშლებს”? გამოსადეგი რამეები კი არიან.

ხალხი ბევრს კამათობს ამ ყველაფერზე ახლა. მიდის დისკუსია ამა თუ იმ ეკონომიკური სკოლის მომხრეებს შორის, პოლიტიკოსებს შორის, პროგრამისტებს შორის. შენ ყველა მათგანს ნუ მოუსმენ. ადამიანები, ხომ იცი, ზოგი ჭკვიანია, ზოგი არც ისე ინფორმირებული, ზოგი ამბობს, ეს სისტემა ძალიან ძვირფასიაო, ზოგმა ჩალის ფასიც არა აქვსო. 2013 წლის 5 დეკემბერს ვიღაც დიდმა ბიძიებმა მოჭრილი ფასიც კი დაადეს -1300$.  ზოგი ამბობს, ციფრული ოქროაო, ზოგიც კი უბრალოდ ვალუტას უწოდებს. ვიღაცეებმა ბიტკოინი შუასაუკუნეების დროინდელ ტიტებს შეადარეს, ზოგი ირწმუნება, ის მსოფლიოს შეცვლისო და ზოგი უბრალო ახირებად რაცხავს.

მეც ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ მოდი ეგ სხვა დროს იყოს.

შენ ხომ ახლა ბიტკოინის შესახებ იმაზე მეტი იცი, ვიდრე ადამიანების უმრავლესობამ.

ამავე სტატიის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი აკადემიის სექციაშიც ნებისმიერ დროს.

 

წყარო: coindesk.com

ავტორი: ნიკ ქასთუდიუ;

თარგმანი: გია რჩეულიშვილი

bottom of page