top of page

როგორ ხდება ბიტკოინის მოპოვება?

ტრადიციულ მონეტარულ სისტემაში, სახელმწიფო (ან ცენტრალური ბანკი) ბეჭდავს ახალ კუპიურებს, როდესაც ეს მას სჭირდება. ბიტკოინის შემთხვევაში კი, ფული საერთოდ არ იბეჭდება - ხდება მისი აღმოჩენა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქსელში ჩართული კომპიუტერები „მოიპოვებენ“ მონეტებს ერთმანეთთან შეჯიბრის პრინციპით.

ადამიანები განუწყვეტლივ უგზავნიან ბიტკოინს ერთმანეთს ქსელის მეშვეობით. მაგრამ, თუ ვინმე ამ ყველაფერს არ აღრიცხავს, ვერავინ შეძლებს გაიგოს, რეალურად ვინ რამდენი გადაიხადა  და ვის რამდენი ბიტკოინი აქვს. ამ ყველაფრის აღრიცხვისათვის, ბიტკოინი აწარმოებს ტრანზაქციების სიას, რომელიც დაგროვდა გარკვეული დროის განმავლობაში და თავს უყრის მათ ერთ ბლოკში. მომპოვებლის, ანუ მაინერის, ფუნქციაა, დაადასტუროს ეს ტრანზაქციები და ჩაწეროს ისინი საერთო დავთარში, რომლის ასლიც ყველა ქსელში ჩართულ კომპიუტერში ინახება.

რაში გამოიყენება ჰაში

ზემოთხსენებული საერთო დავთარი არის ბლოკების გრძელი სია, რომელსაც ბლოკჩეინს უწოდებენ. მისი გამოყენება შესაძლებელია იმისათვის, რომ ვნახოთ თითოეულ მისამართზე ბიტკოინების შემოსავლებისა და ხარჯების ისტორია. ყოველი ახალი ტრანზაქციის შექმნით, ინფორმაცია ამ დავთარს ემატება. ამგვარად იქმნება ძალიან გრძელი და მზარდი სია, სადაც ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული, რომელიც ბიტკოინის ბლოკჩეინზე ოდესმე განხორციელებულა. ქსელში ჩართულ ყველა მონაწილეს ეგზავნება ყოველი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია და მათ ხელთ არსებული დავთრის ასლი ავტომატურად განახლებადია.

ცხადია, ეს დავთარი ძალიან სანდო უნდა იყოს. ვინაიდან იგი ციფრულად ინახება, ის დაცული უნდა იყოს ჰაკერული თუ სხვა ტიპის შემოტევებისგან და არ უნდა არსებობდეს მასში წარსული მონაცემების შეცვლის შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან მომპოვებლები.

როდესაც ხორციელდება ბიტკოინ ტრანზაქცია, მაინერები იღებენ ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას, უსადაგებენ მას მათემატიკურ ფორმულას და გარდაქმნიან ამ მათემატიკური ფუნქციის ამონახსნად.  ეს ამონახსნი შემთხვევითი თანმიმდევრობით დალაგებული ასოებისა და ციფრების კომბინაციაა, რომელსაც ჰაში ეწოდება. ეს ჰაში დროის ნებისმიერ მომენტში ინახება ბლოკთან ერთად ბლოკჩეინის ბოლო ჩანაწერში.

ჰაშებს საკმაოდ საინტერესო თვისება აქვთ. ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჰაშის პოვნა შედარებით მარტივია, მაგრამ შეუძლებელია ამონახსნიდან ვიპოვოთ, რა იყო თავდაპირველი ინფორმცია.  ამასთან, ყოველი ჰაში (ამონახსნი) უნიკალურია: თუ ბლოკში შეიცვლება ძალიან უმნიშვნელო ინფორმაციაც კი, მისი ჰაში აბსოლუტურად განსხვავებული გახდება.

მაინერები ჰაშის გამოსათვლელად არა მხლოდ კონკრეტულ ბლოკში მოცემულ ინფორმაციას ითვალისწინებენ, არამედ წინა ბლოკის ჰაშსაც - სწორედ აქედან მოდის სახელი ბლოკჩეინი - ანუ ბლოკების ჯაჭვი.

იმის გამო, რომ ყოველი ახალი ჰაში მოიცავს წინა ბლოკის ჰაშსაც, შეგვიძლია შევხედოთ მას, როგორც პლომბს და თუ ერთი პლომბი მაინც გაიხსნება, ეს აისახება ყოველ მის შემდგომ ბლოკზე, რადგან თთოეული მათგანის ჰაში განახლებული ინფორმაციის საფუძველზე იქნება დასათვლელი.

თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ შეცვალოს ან გააყალბოს ტრანზაქცია, რომელიც უკვე ბლოკჩეინში არის ჩაბეჭდილი, მისი ჰაში შეიცვლება. ასევე შეიცვლება ყველა მისი შემდეგი ბლოკის ჰაში. შესაბამისად, უახლესი ტრანზაქციის / ბლოკის ჰაში განსხვავებული იქნება ქსელში ჩართული ყველა მონაწილის დავთარში მოცემული მაჩვენებლისგან და მთელი ქსელი მიხვდება, რომ ეს ბლოკი გაყალბებულია.

ფულადი სარგებელი

ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ ილუქება ბლოკები. ყველა ქსელში ჩართული კომპიუტერი ეჯიბრება ერთმანეთს ამის გაკეთებაში და ამისათვის ისინი იყენებენ სპეციალურად ბიტკოინის ბლოკჩეინისათვის დაწერილ პროგრამას. როდესაც ვინმე წარმატებით ამოხსნის ჰაშს, ჯილდოდ იღებს 12,5 ბიტკოინს. ყველა ქსელში ჩართული კომპიუტერი ხედავს და ადასტურებს ამას. სწორედ ასე ხდება ნოდების წახალისება, რათა მათ გააგრძელონ მოპოვება და ტრანზაქციების დადასტურება.

ამ ყველაფრის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჰაშის ამოხსნა ძალიან რთულია, შესაბამისად, კომპიუტერული ენერგია, რომელიც გამოიყენება ბიტკოინების მოსაპოვებლად, მუდმივად იზრდება. ალგორითმის ამოხსნა მარტივი, რომ ყოფილიყო ეს გამოიწვევდა ბიტკოინების მარაგის სწრაფად ამოწურვას, რადგან ნოდები შეძლებდნენ წამში ათასობით ჰაშის ამოხსნას და ამისათვის მიიღებდნენ ბიტკოინებს. ამიტომაც ბიტკოინის პროტოკოლი (პროგრამა)„სამუშაოს შესრულების მტკიცებულების“ (Proof of Work) შემოტანით მიზანმიმართულად ართულებს მოპოვების პროცესს.

ბიტკოინის პროტოკოლში ჰაშს კონკრეტული მახასიათებლები უნდა ჰქონდეს, მაგალითად იგი რამოდენიმე 0-იანით უნდა იწყებოდეს, მაგრამ მის ამოხსნამდე იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება ჰაში, შეუძლებელია. ყოველი ახალი, თუნდაც მიზერული ინფორმაციის ცვლილებით განახლებული ჰაში აბსოლუტურად იცვლება.

ამ ყველაფრის გარდა, ბიტკოინის პროგრამაში გაჩნდა შემთხვევითი სიდიდე, „ნონსი“, რომელიც ასევე მონაწილეობს ბლოკის შექმნაში. თუ ტრანზაქციის ჰაში არ აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს (მაგალითად იმას, რომ არ იწყება რამოდენიმე 0-იანით), ჩნდება ისეთი „ნონსის“ პოვნის საჭიროება, რომელიც ამონახსნს მოარგებს აღნიშნულ ფორმატს. ვინაიდან ნონსი შემთხვევითი სიდიდეა და არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას, მაინერები ცდილობენ, იპოვონ საჭირო ნონსი უამრავი ვარიანტის ცდით.

აი, ასე ხდება ბიტკოინის მოპოვება!

წყარო: Coindesk.com

თარგმანი: ბექა დალაქიშვილი

რედაქცია: ანა მიქატაძე

bottom of page